beeyard banner

მეფუტკრეობა - საიტის შესახებ

სუფთა, სუბუქი ფრინველი, შორით მომტანი ვარდისა.
ჯერ ცისა მოსამსახურე, მერე ყოველი კაცისა.
გოდერძი ჩოხელი

მოგესალმებით, მეფუტკრეობის შესწავლა, ფუტკრის მოვლა-მოშენება  ერთ-ერთი კეთილშობილური და შრომატევადი საქმეა. სოფლის მეურნეობის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის მიმართ - რომლის წყალობითაც კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო და შეუცვლელი, პროდუქტების - თაფლის, ცვილის (სანთლის), ფუტკრის რძის, დინდგელის, ჭეოსა და შხამის მიღება არის შესაძლებელი, ყოველთვის არის და იქნება  ინტერესი. ზოგიერთი თვენგანი შესაძლოა ახლაც ფიქრობდეს,  რომ  სოფლად თუ ქალაქგარეთ, ერთხელ მაინც ეცადა, რომ ჰყოლოდა  ოჯახში, შეძენილი ოჯახის წევრი - ერთი ძირი ფუტკარი.

ჩვენი მიზანია  მცირედით მაინც  გაგიზიაროთ გამოცდილება ამ დარგში. ხოლო, მათთვის ვინც   მეფუტკრეობის პროდუქტებით და ასევე მათი შეძენით არის დაინტერესებული, აღვწერთ და ვთავაზობთ ჩვენ მიერ წარმოებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს: (გაზაფხულის  და შემოდგომის თაფლი, ფიჭა, ფუტკრის ცვილი (თაფლის სანთელი), სანთლის არაყი (იგივე თაფლის არაყი),  დინდგელი, ფუტკრის რძე და შეზღუდული  რაოდენობით ფუტკრის ოჯახის პაკეტები.

მეფუტკრეობა ფუტკარი თაფლზე მუშაობსწინამდებარე ვებგვერდის შექმნა უკავშირდება გურიაში, კერძოდ კი ჩოხატაურის რაიონში ერთ-ერთი ვეტერინარის და მეფუტკრის გივი ანთაძის საქმიანობას და მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მრავალწლიან გამოცდილებას.

ამასთან ერთად, ვებგვერდი არის საგანმანათლებლო ხასიათის, მას მუდმივად ემატება მეცნიერული, პრაქტიკაში არაერთგზის გამოცდილი სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მეფუტკრეებისთვისაც, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის, ვისაც აინტერესებს მეფუტკრეობა, ფუტკრის პროდუქტები და მათი გამოყენება, მათი კავშირი მედიცინასთან, ასევე ფუტკრის მოვლასთან (მოშენებასთან) დაკავშირებული საკითხები, ფუტკრის დაავადებები, მათთან ბრძოლის აღიარებული მეთოდები და სხვა.
პატივისცემით, გია ანთაძე.

მეფუტკრის ცნობარი

bee-masters guideფუტკრის დაავადებები (ზოგადი მიმოხილვა)

ფუტკრის დაავადებების დიაგნოსტიკა

ვაროატოზი

სინესტე ფუტკრის მტერია

მეფუტკრეობა დიდი მეცნიერებაა, მასზე ბევრი იწერება: ბიოლოგიაზე, მომშენებლობაზე, ფუტკრის პროდუქტებზე და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ფუტკრის დაავადებებია...

ავტორისაგან

თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს,
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე ღმერთს კი სანთელი.

შ. ნიშნიანიძე

მოგესალმებით კეთილი სურვილებით. საქართველოში ფუტკრის ოჯახები რაოდენობრივად უფრო ნაკლებია ვიდრე იყო 30 წლის წინათ, ხოლო ბუნებრივ რესურსებს საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ფუტკარი 10 პროცენტამდე ითვისებს. ე.ი. საჭიროა მეფუტკრეობის განვითარება, გამრავლება, მეფუტკრეებს კი მეტი ყურადღება, რათა მეტი ძვირფასი პროდუქტები გამოვსტაცოთ ბუნებას. სკოლებში ერთი სემესტრი უნდა ისწავლებოდეს მეფუტკრეობა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ საიტში მოყვანილ მასალას გაეცნობით, ბევრ თქვენგანს დაეუფლება განცდა, სურვილი იმისა რომ შეიძინოს ფუტკარი და გახდეს მონაწილე კეთილშობილური საქმისა, რომელსაც მეფუტკრე ასრულებს. რამდენ ადამიანს მიტოვებული აქვს სოფელი მამაპაპური, ძველი ოდა, სახლი, თაფლოვანი მცენარეებით გარშემორტყმული ტყე და ცხოვრობს ქალაქში, ბევრი - ნაქირავებ ბინაში, შეიძლება სამსახურიც არ ჰქონდეს ნორმალური. იქნებ მოუვიდეს აზრი იმისა, რომ იფიქროს ამ საკითხებზე, მარტო თუ ვერ ბედავს, შეიძლება შეიქმნას ამხანაგობა 2-3 კაცისაგან შემდგარი. დღეს, როცა სოფლის მეურნეობა წინა პლანზე წამოიწია, არის შანსი დახმარება-დაფინანსებისა, ამაზე ვიფიქროთ. მეფუტკრეს ქვეყნის წინაშე მართლაც აქვს დამსახურება, რადგანაც ის ზრუნავს ფუტკარზე, რომლის მნიშვნელობაც უდიდესია მცენარეთა სამყაროს განვითარებისთვის, რომელი მცენარეც წარმოადგენს ადამიანისა და ცხოველის საკვებს. ეკონომიურ მხარეს თუ გადავხედავთ ფუტკრის პროდუქტები ოდითგანვე იყო მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. და რაც მთავარია - ფუტკრის პროდუქტები ადამიანის მკურნალია და სიცოცხლის გახანგძლივების ყველაზე კარგი საშუალება. მიმაჩნია, რომ მიცვალებულების სახელზე ანთებული სანთელი უნდა იყოს ნატურალური, ბუნებრივი - შეუცვლელი ცვილი, რომელიც განსაკუთრებულ არომატს - სურნელს წარმოშობს და აჯერებს გარემოს. ამ სურნელში არის ყოველივე ცოცხალი, დედამიწიდან აღებული ფუტკრის მიერ და მის ორგანიზმში წარმოშობილი ცვილი, მხოლოდ ამ ცვილის სინათლე და სურნელის მისვლა არის მადლი გარდაცვლილის სულთან.  ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი.

გივი ანთაძე

შემოგვიერთდი Facebook-ზე!
Powered by: Internetsmash