მოგონებები ფუტკარზე

ფუტკრები სკაში დაბრუნდნენ

როდესაც ამ ამბავს ვიგონებ უდიდესი სიამოვნების გრძნობა მეუფლება. მახსოვს მაშინ პატარა ვიყავი, ზამთარი იყო, თბილ ოთახში ფანჯარასთან ვიწექი. ციდან დიდი თოვლის ფანტელები მოდიოდა. ახლოს სუროიანი ხე იდგა, რომელსაც უამრავი ჩიტები ესეოდა. ვუყურებდი და ვტკბებოდი მათი ცქერით. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, დედა ხაჭაპურებს აცხობდა, მამა ხერხს ლესავდა. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, სახლში მეზობელი თამაზი ბასილია შემოვიდა, ვხვდებოდი რაღაცა ხდებოდა მამას უთხრა: წავიდეთ თორემ დაგვაღამდებაო. წავიდნენ. ნაჯახი და ხერხი თან წაიღეს. დედას რომ ვკითხე მითხრა: ხე უნდა მოჭრან, ფუტკარი და თაფლი უნდა მოიტანონო, ჩემთვის ეს ზღაპარი იყო, არ ვიცოდი ფუტკარი რა იყო. საღამოს ბევრი თაფლი მოიტანეს, ფუტკარი კი თაგვს შეეჭამა. მაშინ დავაგემოვნე პირველად ფიჭიანი თაფლი. ერთი სული მქონდა გაზაფხულის მოსვლამდე, რომ მენახა ამ უგემრიელესი სარაჯის შემქმნელი მწერი. და აი გაზაფხულდა, ტყემლის ყვავილს უამრავი ფუტკარი ესეოდა. ერთ მშვენიერ დღეს ავიღე მინის ქილები, დავიწყე ყვავილზე მათი დაჭერა. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ მამას დავახვედრე უამრავი დატყვევებული ფუტკარი. მთხოვდა დილით გამეშვა. მეც გავუშვი იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ამაოდ. ალბათ ფუტკრებმა თავიანთ სკებს მიაშურეს.

 

ახლა მოგონება მსიამოვნებს

ჩვენს საყანე ფართობში დიდი თუთის ხე იდგა. ერთხელ შევნიშნე მას დიდი რაოდენობით ფუტკარი ეხვეოდა. ეს ბუნებრივი ნაყარი იყო. განსაკუთრებული ხმა ისმოდა რომელიც მალე ჩაწყნარდა. ახლოს მივედი და რას ვხედავ - ფუტკრები ამ ხის ფუღუროში შესულიყვნენ, მუშაობა მაშინვე დაიწყეს, გამოქონდათ გარეთ ხის პატარა ნაფლეთები, შიგნით შექონდათ ყვავილის მტვერი და ნექტარი. ძალიან კარგი იყო საყურებლად, რაღაცნაირ სიამოვნებას განიჭებდა, ამიტომ როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოოდი ყველა დღეს, ალბათ ერთსა და იმავე დროს ხის ძირას მივიდოდი და მთელი საათი იქ ვისვენებდი. ეს ალბათ ერთი თვე გაგრძელდა და არ ვიცი კიდევ როდემდის გაგრძელდებოდა, რომ ჩემი ყურით არ გამეგონა ზემოდან მეზობლის, ოსიკო ჩიგოგიძის ხმა: გამოდი ქალო, შეხედე ის ბალღი ისევ იმ ადგილას ძეგლივით დგასო. შემრცხვა , მუხლებზე დავიჩოქე და ფორთხვით გამოვიპარე ყანიდან. შემდეგ წელს ის ხე მოვჭერით და ფუტკარი სკაში გადავიყვანეთ. ასე გაჩნდა პირველი ფუტკრის ოჯახი ჩვენს სახლში.

 

ფუტკარი მკურნალია

მედიცინის მიერ აღიარებულია ფუტკრის და ფუტკრის პროდუქტების სამკურნალო თვისებები. საფუტკრეში მუშაობა, მეფუტკრისათვის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილია. ამ დროს გეხსნება ყოველგვარი სტრესი, გიწყნარდება ნერვული სისტემა, მით უმეტეს როცა კარგად მიდის საქმე. ამავე დროს ფუტკრის მიერ თაფლის გადამუშავების პროცესში ანაორთქლი ჰაერი განსაკუთრებულ ჯანმრთელობას სძენს ადამიანს.

მამა დაავადებული იყო რევმატიზმით. მახსოვს მას როგორ აწუხებდა ტკივილები. ნამყოფია ყველგან, ბალნეოლოგიურ სანატორიუმებში, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. როცა ფუტკრები შევიძინეთ ცხადია ნესტრავდნენ მუშაობის დროს. იმ წლიდან მოხდა სრული განკურნება რევმატიზმისაგან. დავინტერესდი და შემდგომში ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი მოვიძიე.

მოხმარებაც ამას ქვია

თაფლის დაწურვა, ფუტკრის გამოხილვა ერთ ერთი მნიშვნელოვანი საქმეა საფუტკრეში. ერთ წელს მეზობლებმა შემომთავაზეს, რომ ფიზიკურად მომხმარებოდნენ. პაპანაქება სიცხეა, სამუშაოდ მშვენიერი წყნარი ამინდია, ფუტკარი ღალაზე კარგად გადის. წელს ზემოთ შიშველი ვმუშაობ. სკებიდან თაფლიან ჩარჩოებს ვიღებ, ამ დროს მოვიდა დამხმარე, ერთს ეცვა შალის პალტო, რეზინის ჩექმები, თავზე ყურებიანი ქუდი, ხელებზე ხელთათმანები, თვალებზე მზის სათვალე, კისერზე კაშნი შემოეხვია. მეორეს ჩვეულებრივ ეცვა და თან ხმამაღლა ლაპარაკობდა: მე ფუტკრის კბენის არ მეშინიაო. ამ დროს მას ყურის არეში შემთხვევით დააჯდა ნექტარით დატვირთული უწყინარი ფუტკარი, დაიწყო ხელების უაზრო ქნევა შემდეგ გაიქცა იქვე მქონდა სიმინდის ყანა, დაგორდა მიწაზე თავიდან ბოლომდე, ერთი ნაპირი სიმინდის ნათესი ჩაიტანა ბოლოში.
ბევრი ვიცინე მაგრამ რა მაცინებდა სიმინდი ფეხზე აღარ იდგა.

ფუტკარი სინოპტიკოსია

ზაფხულია, კარგი ამინდია, თითქმის ოცდაათამდე ფუტკრის ოჯახი გავხსენი, არ ინესტრებიან, საბოლებელსაც არ ვხმარობ. ცოტა ხნის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, ფუტკრები აღარ მანებებენ მუშაობას, ხელპირი დავიბანე, საბოლებელი ავანთე, პერანგი გამოვიცვალე, სხვადასხვა სკა გავხსენი, მაინც იგივე მდგომარეობაა. იძულებული გავხდი მუშაობას თავი დამენებებინა. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ცაზე ღრუბლები გამოჩნდა, წამოვიდა კოკისპირული წვიმა. აი რა ყოფილა ფუტკრის აღელვების მიზეზი.

ფუტკარი მგრძნობიარეა

ერთ ჩემს მეგობარს ვეხმარებოდით თაფლის დაწურვაზე, მაისი თვეა, აკაცია ისევ ყვავის. ფუტკარი ისე მუაობს შენთვის აღარ ცალია. ორმოც ოჯახამდე სკა გავხსენი, კარგად დაღლილი ვიყავი, ერთ ცალსაც არ დაუნესტრივარ. შემომთავაზეს შევეცვალე. დავთანხმდი, მაშინვე ასტამი მივეცი და იქვე ახლოს ჩამოვჯექი. მეფუტკრე იყო, მისი მუშაობის სტილი, ხელების მოძრაობა და ა.შ. არ მომეწონა, ფუტკრის ოჯახიდან გამწარებული ფუტკრები ამოცვივდნენ და დაიწყეს დანესტვრა. დავიყვირე სწრაფად გაქცეულიყვნენ მდინარეზე, იქვე ახლოს გაიქცნენ. დასაკბენად დაედევნა ფუტკრის გუნდი. წყალმა უშველა, თუმცა მაგრად იყვნენ დანესტრილი. გაუნძრევლად ვიჯექი, ფუტკრები გარს მეხვეოდნენ, გაქცევას ვიცოდი რა მოჰყვებოდა, თავი ფეხებს შორის ჩავდევი, გადავრჩი, ცოტა ხანში ფუტკარი დაწყნარდა.

ფუტკარს ხმა აღიზიანებს

მეფუტკრეობა რთული დარგია, მაგრამ საინტერესო. გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მაგრამ რა ასაკისაც არ უნდა იყო შეიძლება ყოველ დღე რაღაცა ისწავლო ან რაღაც შეგეშალოს. ასე დამემართა ამას წინათ. საფუტკრეში ვმუშაობ, ფუტკრის ოჯახებს ვსინჯავ, სკის სახურავი ახდილი მაქვს, ფუტკრებით დაფარული ჩარჩო მაქვს ამოღებული. უცებ მეზობელმა დამიძახა რაღაც აუცილებელ საქმეზე. ჯერ არ გამოვეხმაურე, მაგრამ რომ არ მომეშვა, შემდეგ ჩემდა უნებურად ხმამაღლა შევეპასუხე. ხმაზე ფუტკრები გაბრაზდნენ, სკიდან ამოცვივდნენ და კარგად მასიამოვნეს, დანესტვრა დამიწყეს.

წამალი ისევ თაროზე დევს

დიდი სამეგობრო, სამეზობლო და სანათესაო მყავს. მათდამი სულ ცოტა ასზე მეტი ფუტკრის ოჯახი მყავს გაჩუქებული. ბევრი მეფუტკრე გახდა, ეხლაც ყავთ ფუტკარი.

ერთხელ მეგობარმა მთხოვა მისთვის მეჩუქებინა ფუტკარი. რა თქმა უნდა გამიხარდა და დავთანხმდი. ცოტა ხნის შემდეგ საბოლებელი ვაჩუქე, შემდეგ - პირბადე. სანთელიც მივეცი ჩარჩოებით. შემდეგ შეხვედრაზე გავაფრთხილე რომ წამალი ეყიდა და ვაროატოზზე დაემუშავებინა დროულად. თან რეკომენდაციები მივეცი როგორ უნდა მოქცეულიყო. რამდენიმეჯერ ვნახე, სულ მეუბნებოდა წამალი ვიყიდე და თაროზე მაქვს შემოდებულიო. რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიკითხე და მითხრა ფუტკარი დამევსოო. - წამალი მეთქი. წამალი თაროზე მაქვსო. მე ვუთხარი ვარგისიანობის ვადა სანამ არ გაუვა მანამდის იდოს თაროზე, შემდეგ გადააგდე მეთქი.

გომბეშომ როგორ შემაშინა

აგვისტოს თვეა, შუა ღამის ხუთი საათი იქნებოდა, მარგამ მაინც ცხელოდა. ძალიან ბნელოდა, მთვარის შუქიც არ იყო. საფუტკრეში ვმუშაობ, ფუტკრის შხამს ვიღებ. უცებ გაისმა ტკაცუნის განსაკუთრებული ხმა, რომელიც გარკვეული დროის შუალედით მეორდებოდა. არ მეგონა თუ რაიმე შემაშინებდა, მეგონა გველი იყო, მაინც მივუახლოვდი იმ ადგილს და ფანარი მივანათე. სკის ძირში დიდი გომბეშო სკის საფრენიდან ფუტკარს იტაცებდა და ამ მომენტში მისი ენა საოცარ ხმას გამოსცემდა.

სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს

მონადირეები რომ ტრაბახით განთქმულები არიან ცნობილია. მეფუტკრისგან ამას არ მოველოდი. ერთ ზაფხულს სტუმრად მოვიდნენ ჩემი მეგობრები (ი.რაზმაძე, ვ. პელიამინოვი და სხვა)- მეცნიერები (მეფუტკრეები) თბილისიდან. სხვადასხვა ცდებს ვატარებდით ჩემს საფუტკრეში. საღამოს გაიმართა ტრადიციული გურული ვახშამი. რა თქმა უნდა, ამ დროს, სუფრასთან ზოგი მართალს ამბობს , ზოგიც - ტყუილს.
ერთი სტუმარი ამბობს: რომ ის ფუტკართან მუშაობს, არ ეშინია, მეტიც - ფუტკრის სხეულზე დასმაც განუზრახავს სახალხოდ.
ამ დროს საიდანღაც მაგიდის ქვემოდან ფუტკარმა დაიბზუილა, შემდეგ ზემოთ ამოფრინდა, მაგიდას წრიულად შემოუარა, ანთებული ნათურისკენ გაეშურა, იქედან მოსწყდა და პირდაპირ ამ პიროვნების თმაში მოიკალათა.
ატყდა ფეხების ბაკუნი, შემდეგ ხელების ქნევა. რასაც კვნესა მოჰყვა და ბოლოს კი ,,გინესის" რეკორდის მაძიებლის გარეთ გაქცევა.
რაც ჩვენ ვიცინეთ იმ საღამოს ღმერთმა შეგვარგო.

კვირიონი შემომაკვდა

დასავლეთ საქარველოში, შემოდგომით საფუტკრეს ესტუმრებიან კვირიონები კვირიონები. ესენი ძალიან ლამაზი ფრინველები არიან, მაგრამ ფუტკრების დაუნდობელი მტრები. ზოგჯერ დიდ ზიანს აყენებენ საფუტკრეს.

ერთხელ საღამოს სახლში მივედი. ჩემს საფუტკრეს ესეოდა რამდენიმე ასეული ფრინველი. ვერაფრით მოვახერხე მათი დაფრთხობა. ბოლოს თოფი ვისროლე ჰაერში. ერთს შემთხვევით მოხვდა, ჩამოვარდა და სასოწარკვეთილი წრიპინი მორთო. ძალიან ვინანე, რა მექნა არ ვიცოდი ისე შემეცოდა. დამაინტერესა და მკვდარი ფრინველი გავკვეთე. მას კუჭში აღმოაჩნდა ორმოცდაექვსი ცალი გადაყლაპული ფუტკარი.

ნადირობა კარგი გამოდგა

1981 წელი იყო. დიდი თოვლი მოვიდა. სანადიროდ წასულებმა მთებზე ძლივს გავედით. უკან რომ ვბრუნდებოდით მეგობარმა დამიძახა მომეშველეო, მივედით და რას ვხედავთ, დიდი ხნის წინათ წაქცეულ წიფლის ხეზე ფეხი დაებიჯებინა, დამპალი ხის ტანი ჩამსკდარა, შიგნით ყოფილა დიდი რაოდენობით თაფლი. თაფლიდან ფეხს ვეღარ იღებდა და მივეშველეთ. თაფლი იქ კი დავაგემოვნეთ, მაგრამ წამოღების არც თავი გვქონდა და არც რაიმე წამოსარები ჭურჭელი. ამიტომ, ერთმა ჩემმა თანამშრომელმა ხეები მონიშნა ადგილმდებარეობის დასამახსოვრებად იქნებ შემდგომში ამოვიდეთო.

რამდენიმე ხნის შემდეგ წავედით და რას ვხედავთ, როცა დამთბარა, მზეს თაფლი გაედნო და დაღმართში როგორც ოქროს ზოდი 10 მეტრამდე  მდინარესავით გადმოსულიყო. ვინანე რომ ფოტოაპარატი არ მქონდა ამ უნიკალური სურათის გადასაღებად

საინტერესოა რამდენ წელს იყო ფუტკარი ხის ამ ფუღუროში, ამდენი მარაგი რომ გაეკეთებინა.

ნუ გეშინია ფუტკრის

მრავალი ადამიანი, რომელსაც სურს მეფუტკრე გახდეს, ხშირად პირველი ფუტკრის დანესტვრის შემდეგ ანებებს თავს და ფუტკარს სხვას გადასცემს მოსავლელად.
მინდა შევახსენო მათ, რომ სხვის ხელში მეფუტკრეობას ვერ ისწავლი გამოიჩინე ნებისყოფა, ნუ შეშინდები, მუშაობის დროს ხელები ნაზად ამოძრავე, დანესტრილი ადგილი სწრაფად მოიბანე წყლით, რადგან შხამის სუნზე სხვა ფუტკარიც ღიზიანდება, შეარჩიე მუშაობის დრო, ნუ გამოიყენებ მუშაობისას დამცავ საშუალებებს, ხელთათმანს და სხვა. ფუტკარი აკვირდება ჩაცმულობას, სისუფთავეს, ფერს. ფუტკარი ღიზიანდება მთვრალ ადამიანზე

ფუტკარი უწყინარი მწერია. სკის გარეთ ის ძალიან მშიშარაა, ხოლო სკაში თუ დაიცავ ყველა წესებს - არაფერს გერჩის. როცა დახელოვნდები გაიგებ ფუტკრის ენას, ის ,,გესაუბრება" როცა გამცნობს თავისი ქცევით დამანებე თავიო, შენც ისე მოიქეცი, დაახურე სკას თავზე და განერიდე მას.

თუ მაინც აუცილებელი საქმეა სკაში, დააძინე და სანამ გაიღვიძებენ მანამდე დაამთავრე სამუშაო. ასე რომ ნუ გეშინია ფუტკრის. დახელოვნდები, შენ ქცევას ფუტკარი აღიქვამს,  როგორც მტერს კი არა , არამედ იგი ჩაგთვლის როგორც მისდამი მზრუნველ მეგობარს, მასთან მუშაობა კი ჯანმრთელობას დიდხანს შეგინარჩუნებს, ყოველგვარ სტრესულ მდგომარეობას მოგიხსნის, ნერვული სისტემის მუშაობას მოაწესრიგებს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა გაბრაზებული და რაღაცაზე დაღონებული საფუტკრეში შევსულვარ ზოგჯერ ღამითაც კი. აქ წამალი აღარ გჭირდება. ფუტკრის გუგუნი(განსაკუთრებით) ღამით, რომელიც ნექტარს ამუშავებს თაფლად და გარეთ გამოაქვს ანაორთქლი - უებარი წამალი ამ დროს. ფუტკრის პროდუქტები სიცოცხლის ელექსირია

მწარე გაკვეთილი

ეს ამბავი ჩემი სტუდენტობის პერიოდში მოხდა. სასწავლებლად რომ წავედი ორი ოჯახი ფუტკარი დავტოვე სახლში. ერთხელ სოფლიდან წერილი მომივიდა (იმ პერიოდში ტელეფონი ნაკლებ ხელმისაწვდომი იყო) მამა მწერდა: ფუტკარმა ბუნებრივი ნაყარი გაუშვა , მანდარინის ხეზე მიაყარა, ჩამოვიყვანეთ და ახალ სკაში ჩავსვითო, ეს ამბავი რა თქმა უნდა სასიხარულო იყო კიდევ ერთი ფუტკრის ოჯახი შეგვემატა,

რამდენიმე ხნის შემდეგ სოფელში ჩავედი. ახალი ფუტკრის ოჯახი გადავსინჯე, დედა ფუტკარს უკვე კვერცხის დება დაეწყო , ფიჭასაც კარგად აშენებდნენ, ამ დროს გამოვავლინე სრული უცოდინარობა, თუმცა მეფუტკრეობაზე წიგნების კითხვა მიყვარდა, პრაქტიკას მაინც დიდი მნიშვნელობა ქონია. კარგი ნათქვამია: არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვაო“. ,,პატივი“ რომ მეცა ახალი ფუტკრის ოჯახისათვის, თუმცა ეს ამ პერიოდში საჭირო არ ყოფილა ავიღე შაქარი, გადავადნე და დღისით მზისით ფუტკარს საფრენთან ჯამით დაუდგი, მე კი ქალაქში წამოვედი.

რამდენიმე დღის შემდეგ სოფლიდან მოდის წერილი, გამიკვირდა რა ხდება მეთქი, ახალი წამოსული ვიყავი. ცოტა შემეშინდა კიდეც, კონვერტი გავხსენი , როგორც ყოველთვის წითელმა ათმანეთიანმა მაშინვე გამოყო თავი, ჯიბეში მოვაყუჩე და დავიწყე წერილის კითხვა. დედა მწერდა, წერილის შინაარსი ეხლაც ზეპირად მახსოვს: გივიკო როგორ იმგზავრე, მე კარგად ვარ, მამაშენი კარგად არის, ჩვენი დარდი ნუ გექნება, არ იდარდო არ მოიწყინო ამ წერილს რომ წაიკითხავ, მეზობლებიც ყველანი კარგად არიან დილას საჭმელი კარგად ჭამე ისე წადი ინსტიტუტში. შიშმა ამიყვანა, ტანში დამბურძგლა, ვაგრძელებ კითხვას, - შენ რომ ფუტკრის ახალ სკას შაქრიანი სიროფი დაუდგი იქ სხვა სკის ქურდი ფუტკრები დასცემიათ, თაფლი წაუღიათ, ფუტკრები კი დაუხოციათ. ხოლო შემდეგ, მეორე მხარეს სუსტი ოჯახი რომ იყო ისიც დაუყაჩაღებიათ, თაფლი წაუღიათ და ფუტკრები კი დაუხოციათ. ასე რომ ეხლა ერთი ოჯახი დაგრჩა . მამაშენმა ბიჭს არ გააგებინო იდარდებსო, მაგრამ არა უშავს. როგორც მეფუტკრემ მითხრა დღისით საფრენის წინ საკვების მიცემა არ შეიძლებოდაო. ასე დამთავრდა წერილი მაშინ ვთქვი: ,,პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო“ და გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა ეს რთული მაგრამ მეტად საინტერესო დარგი. ხოლო ეს შემთხვევა ძალიან მწარე, მაგრამ მომავლისთვის ძალიან სასარგებლო გაკვეთილი იყო ჩემთვის

აუხდენელი ოცნება

ჩემს სოფელს რომ აღმოსავლეთით ტყის ზოლი აქვს მას ,,შავ ტყეს“ უწოდებენ. ალბათ იმიტომ რომ ამ ასწლოვანი ხეებით დაბურულ ტყეში რომ შეხვალ გარკვეული სიბნელეა, აქ მრავალი თაფლოვანი მცენარეებია. ტყეში სიარული გარკვეულ სიამოვნებას განიჭებს, რადგან პაპანაქება სიცხეშიც აქ სიგრილეა, ხოლო თაფლოვანი მცენარეების გამონაყოფი სურნელი და სხვადასხვა ფრინველების გალობა ხომ უებარი წამალია კარგი განწყობისათვის.

ზაფხულის ერთ დღეს ბუნების ამ მშვენიერებით ვტკბებოდი. ხის კუნძზე ჩამოვჯექი დასავენებლად. იქვე მთის ცივი წყარო მოჩუხჩუხებდა, დასალევად შქერის ფოთოლი მოვწყვიტე სასმისის მაგივრად რომ გამომეყენებინა და რას ვხედავ: იქვე ხმელი წიფლის ფუღუროში ფუტკრის ოჯახი დასახლებულიყო, და გამალებული მუშაობდნენ, ჩამოვჟექი და დიდხანს ვტკბებოდი მისი ცქერით. წარმოვიდგინე თუ როგორ გადაიყვანა ფუტკარი ადამიანმა ხელოვნურ სკაში. აქ დამებადა აზრი, ხომ შეიძლებოდა გადაღებულიყო საინტერესო ვიდეო - ფილმი ფუტკარზე, სახლში დავბრუნდი, იმ ღამეს არ მძინებია, როგორ შეიძლებოდა განხორციელებულიყო ეს. მალე დავწერე სცენარი, თბილისში ჩავედი და ნაცნობ კინო რეჟისორებს ლერი სიხარულიძეს, რეზო ვარდანაშვილს და გურამ მესხიშვილს, გავანდე ჩემი ოცნება.

ამ სცენარის მსგავსი ფილმი ვერსად ვერ მოვიძიეთ. სახლში დავბრუნდი კმაყოფილი რადგან სპეციალისტების მოწონება დავიმსახურე. წინასწარ ყველაფერი საჭირო მასალა და საკითხი მოვაგვარე, ყველა დღე ველოდებოდი სტუმრების ჩამოსვლას და მუშაობის დაწყებას. ფილმის სათაური შევარჩიეთ ,,მეფუტკრე და ფუტკარი“ . შერჩეული იყო ცნობილი გურული სიმღერები და მუსიკა. ფილმი უნდა დაწყებულიყო ტყეში ველურ ფუტკარზე ნადირობით. შემდეგ ხის ფუღუროდან ფუტკრის გამოყვანით ხელოვნურ სკაში, შემდეგ სხვადასხვა პროცედურებით, რომელიც ფუტკართან მუშაობას ახლავს. ხოლო ფინალი ასეთი იყო: ახალ წელს ქალაქში საახალწლო მაგიდაზე გამოჩნდება ფუტკრის პროდუქტები, გოზინაყი, სარაჯი, სანთლის არაყი. მიდის ქეიფი, იუმორი, კარგი სიმღერები - უცებ ერთვება ქალაქს - სოფელი, საფუტკრე, ზამთრის პეიზაჟი, სადაც დიდი თოვლია, მეფუტკრე ნიჩბით თოლავს თოვლში ჩაძირულ სკებს და თან მარტო აგრძელებს იმავე სიმღერას და ა.შ
ერთსაათიანი ვიდეოფილმი ძალიან საინტერესო და საყურებლად სასიამოვნო იქნებოდა მაგრამ 90 იანი წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ეს ოცნება განუხორციელებელი დამიტოვა.