ფუტკრის რძე

რძეს გამოყოფს 5-15 დღის ასაკის ძიძა ფუტკარი. ინტენსიური კვერცხმდებლობის დროს რძით იკვებება არა მარტო სადედე ბარტყი, არამედ დედა ფუტკარიც.

ფუტკრის რძის ფიზიკური თვისებები და ქიმიური შემადგენლობა. ფუტკრის რძე წარმოადგენს არაჟნისებურ, გაუმჭირვალე, თეთრ ან კრემისფერ მასას მოტკბილო-მომჟავო გემოთი და სპეციფიკური არომატით. ლიოფილური რძე მაღალჰიგროსკოპიული, თეთრი ან კრემისფერი ფხვნილია, რომელიც ტენიანობის დროს წებოვანი ხდება.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის რძე კომპლექსური და მდიდარი შედგენილობის პროდუქტია, რომლის ხარისხიც დამოკიდებულია ბარტყის ასაკზე, ფუტკრის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ოჯახის სიძლიერეზე, შეგროვების პერიოდზე, შენახვის პირობებსა და სხვა ფაქტორებზე.

ფუტკრის რძე მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით და სხვ. მასში 45% ცილებია; 20% თავისუფალი ამინომჟავებია, 20% - ნახშირწყლები და 15% - ცხიმები.

მინერალური ნივთიერებებიდან ფუტკრის რძე შეიცავს კალიუმის მარილებს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, გოგიდს, ოქროს, ვერცხლს და სხვ., ენზიმებიდან - ამილაზებს, კატალაზას, ასკორბინოქსიდაზას და სხვ.

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები განპირობებულია ასევე მასში არსებული რადიაქტიური ელემენტების არსებობით.

ფუტკრის რძის სამკურნალო გამოყენება. ფუკტკრის რძე გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის, ნერვოზის, სტენოკარდიის დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე კარგი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადების სამკურნალოდ.

ფუტკრის რძე ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და ორგანიზმის გამძლეობას ინფექციის წინააღმდეგ, აწესრიგებს სისხლის წნევას, ავითარებს მეხსიერებასა და მხედველობას.

ზოგიერთი ავტორის რჩევთ, ფუტკრის რძე კომბინირებული სახით უნდა იქნეს გამოყენებული თაფლთან, დინდგელთან და ყვავილის მტვერთან ერთად. მას არ ურჩევენ იმ პირებს, რომლებიც ფუტკრის პროდუქტების მიმართ ალერგიულნი არიან. სადედე ფუტკრის რძისგან ამზადებენ სხვადასხვა ფორმის სამკურნალო პრეპარატებს - აპილაკს ლიოფილიზირებულის, ფხვნილების, აბების, სანთლების სახით, აგრეთვე აპილაკის 3%-იან მალამოს.

რუმინეთში ფუტკრის რძეს თვლიან ბუნებრივ საკვებ პროდუქტად, უფრო მეტიც - პროფილაქტიკურ საშუალებად.

ბულგარეთში საკვები პროდუქტების მაღაზიებში მყიდველს სთავაზობენ თაფლთან შერეულ რძეს (1 გ რძე 10 გ თაფლზე) რომელიც ინახება 20C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.

მოზრდილებს შეუძლიათ მიიღონ ამ ნარევის 10-10 გ. ბავშვებს კი 5-5 გ როგორც გამამაგრებელი და ორგანიზმის დამცავი ძალების გამაძლიერებელი საშუალება.

საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოდის შემდეგი სახის ფუტკრის რძის სამკურნალო პრეპარატები: აპისერუმი, აპიფორტილი, ლაკაპისი, როიალ-ჯელი და სხვ.

ფუტკრის რძეს იყენებენ პარფიუმერიაშიც სხვადასხვა სახის კრემების დასამზადებლად. იგი შედის აგრეთვე ზოგერთი ლოსიონისა და საპნის შემადგენლობაში.

ფუტკრის რძის მიღება და შენახვა. ფუტკრის რძის მიღების მრავალრიცხოვანი ტექნოლოგიური საშუალებებით ყველაზე მეტი რაოდენობის რძე მიიღება მაშინ, როდესაც ოჯახში დედა ფუტკარი იზოლირებულია. ამ მეთოდის გამოყენების დროს, დაობლებულ ოჯახთან შედარებით, ფუტკრის ოჯახის ნორმალური ცხოვრება საგრძნობლად არ ირღვევა და არ იცვლება ოჯახის ბიოლოგია.

რძის მიღებას აწარმოებენ გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, როცა ბევრი ფუტკარია, ბარტყი გადაბეჭდილია და თაფლოვანი მცენარეები ბევრ ნექტარსა და მტვერს იძლევიან. ვარჩევთ ძლიერი ოჯახებს, სადაც ახალგაზრდა ფუტკარი დიდი რაოდენობითაა.

ფუტკრის რძის დამზადებისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა შენარჩუნებულ იქნეს ამ პროდუქტების სრულფასოვანი ბიოლოგიური თვისებები. საფუტკრეში უნდა შეიქმნას ისეთი სანიტარული და ჰიგიენური პირობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამკურნალო პრეპარატების დამზადების ყველა მოთხოვნას.

მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრის რძეს ანტიმიკრობული თვისებები აქვს, იგი არამდგრადი პროდუქტია და არასწორი შენახვის დროს მალე იცვლის არა მარტო გარეგნულ სახეს, არამედ თვისებებსაც.

ფუტკრის რძე კარგავს თავის ბიოლოგიურ თვისებებს დღის სინათლეზე, არაჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში და ნესტიან შენობაში შენახვის დროს. ექვს თვეს კარგად ინახება მაცივარში 2 - დან 5°C ტემპერატურაზე, ხოლო -15° C - -18° C -ზე შეიძლება შეინარჩუნოს თავისი თვისებები წლის განმავლობაში.

ფუტკრის რძე ფხვნილებში კარგად ინახება წლების განმავლობაში. მას ინახავენ მუქ და კარგად დახურულ ჭურჭელში.