ინტაბუეთი

- რა გინდა, ანანია ბიძია? - ვკითხე მე.
- რატომ არ ჭრი ხეს? - მკითხა ანანიამ თავის მხრიდან.
- მეცოდება.
- რა გეცოდება, ბიჭო, ხეი? შენხელა ბიჭები რუსეთში ტანკებს მიუძვრებიან ქვეშ.
- უბედური ჩვენი სახელმწიფო ამნაირი ღლაპების იმედით თუ აპირებს გერმანიის წაქცევას, - ახლა სახელმწიფო შეიცხადა ბებიამ.
- არ თქვა მაგი, ქალბატონო დარეჯან, - გაუჯავრდა ანანია.
- რავა არ ვთქვა, შე კაცო, ქათამს მაგას ვერ ვაკვლევინებ, თიკანს და ხეს ვერ ვაჭრევინებ, მეცოდებაო, მაგის შარშან საკალანდოდ დაკლული ღორი წელს ძლივს დავიჭირეთ ინტაბუეთში, ისე რომ ის დანა ისევ ყელში ჰქონდა გაკვეხებული... აგია საქმე? - ჰკითხა ბებიამ.
- მართალს ამბობს, ბიჭო? - მკითხა ანანიამ.
- მართალს ამბობს, ანანია ბიძია და ტყუილა ნუ მიკითხავ ნატაციებს, მაინც არ მოვჭრი ხაზარულას!

ნოდარ დუმბაძე. ნაწყვეტი მოთხრობიდან  ,,ხაზარულა"

ინტაბუეთი მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის სავალ მანძილზე, მდინარე გუბაზეულის ხეობაში.  სოფლის  გადასახვევიდან დაახლოებით ორმოცდაათ კილომეტრში მდებარეობს კურორტი ბახმარო. ბახმაროში ასვლამდე გვხვდება კურორტი ნაბეღლავი, სადაც ამოდის  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მინერალური წყალი.

სოფელ ხიდისთავში, ინტაბუეთიდან თხუთმეტი-ოცი წუთის  ფეხით სავალზეა დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი.

მოთხრობაში ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი" მწერალი აღწერს ,,ხიდისთავის" ამბავს და იმ პატარა ღელეს, რომელიც ინტაბუეთიდან იღებს სათავეს: ,,ჩემს სოფელს მარჯვნივ გუბაზოული ჩაუდის, მარცხნივ - ლაშის ღელე, რომელიც სავსეა კიბორჩხალებით, ღორჯოებით და შარვალაკაპიწებული ბიჭებით. გუბაზოულზე ხიდია გადებული, რომელსაც ბოგას ეძახიან. ყოველ გაზაფხულზე მოვარდნილ წყალს მიაქვს ხიდი და ჩვენ მხოლოდ ხიდის თავი გვრჩება. მიუხედავად ამისა, ჩემი სოფელი მაინც ყველაზე ლამაზი და მხიარული სოფელია გურიაში, მე იგი ყველა სოფელზე უფრო მიყვარს ამქვეყნად, რადგან არ შეიძლება სხვაგან იყოს სოფელი, რომელშიც ვცხოვრობდე მე, ჩემი ბებია, ილარიონი, ილიკო და ჩემი ძაღლი მურადა".

ბახმარო-ინტაბუეთის ,,გადასახოვი"

ინტაბუეთი სოფელ ზენობანს, ხიდისთავს, ახალშენს, შუბანს და ვაზიანს ესაზღვრება. ირგვლივ ტყე არის გარშემოკრული, სადაც უხვად არის წაბლი, ხურმა, აკაცია, ცაცხვი, მინდვრის ყვავილები და სხვა თაფლოვანი მცენარეები. გაზაფხულზე განსაკუთრებით იგრძნობა აკაციის და ციტრუსების ყვავილის სურნელი, შემოდგომაზე - ყურძნის (იზაბელა), სიმინდის და წაბლის. კარგი ადგილი და პირობებია მეფუტკრეობისათვის. ტყეში არაერთი გარეული ცხოველი ბინადრობს, ბოლო დროს კი მგლები მომრავლდა. დათვმაც იცის ხანდახან თავის შეხსენება.

,,ბავშვობაში ამ სოფლის ცენტრში ვცხოვრობდი, ჩემი სახლ-კარის ირგვლივ მრავალი მეზობელი ცხოვრობდა. ახლა სოფლის ბოლო მოსახლედ ვითვლები, ბევრი მეზობელი დაიღუპა, ბევრი -  ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად ბედნიერია ის ვისაც ნაცნობ ნასახლარზე არ გაუვლია. აქ ნახავთ მიტოვებულ ძველ სახლებს ან სახლის საძირკველს, დანგრეულ ღობეს, მობერებულ ხეხილს, ძველ გადაყრილ ფეხსაცმელსაც კი. რაც არ უნდა გულქვა იყო სევდა შემოგაწვება, როცა გაგახსენდება ადამიანები რომლებიც შენთან ერთად გაიზარდნენ, რომლებმაც მიატოვეს სახლ კარი და არად იღეს ყურად ნოდარ დუმბაძის ნათქვამი ,,სოფელი არ მიატოვო..კერია არ გამიციოო"