beeyard banner

მეფუტკრეობა, თაფლი, ფუტკრის პროდუქტები  

,,სუფთა, სუბუქი ფრინველი, შორით მომტანი ვარდისა.
ჯერ ცისა მოსამსახურე, მერე ყოველი კაცისა."

გმადლობთ, რომ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს. მეფუტკრეობის შესწავლა, ფუტკრის მოვლა-მოშენება ერთ-ერთი კეთილშობილური და შრომატევადი საქმეა. ჩვენ მცირედით შევეცდებით გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება სოფლის მეურნეობის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგში, რომლის მიმართ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად იყო და კვლავ იქნება დიდი ინტერესი.

მეფუტკრეობის პროდუქტების შეძენით დაინტერესებულ პირებს  გთავაზობთ ჩვენ მიერ წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. ესენია: გაზაფხულის  და შემოდგომის თაფლი, ფიჭა, ფუტკრის ცვილი (თაფლის სანთელი), სანთლის არაყი (იგივე თაფლის არაყი),  დინდგელი, ფუტკრის რძე და შეზღუდული  რაოდენობით ფუტკრის ოჯახის პაკეტები.  კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო და შეუცვლელი პროდუქტების - თაფლის, ცვილის (სანთლის), ფუტკრის რძის, დინდგელის, ჭეოსა და შხამის წარმოების და მათი სასარგებლო თვისებების შესახებ  ვებგვერდზე განხილულია თითოეული პროდუქტი.

მეფუტკრეობა ფუტკარი თაფლზე მუშაობსჩვენი მეურნეობა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში (გურია, ჩოხატაური, ნაბეღლავის და ბახმაროს მახლობლად). ვებგვერდის შექმნა უკავშირდება გურიის რეგიონში ერთ-ერთი პროფესიონალი ვეტერინარის და მეფუტკრის   გივი ანთაძის  საქმიანობას და მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მრავალწლიან გამოცდილებას.

ვებგვერდზე განთავსებულია მუდმივად განახლებადი საგანმანათლებლო ხასიათის  მასალა. მეცნიერული და ჩვენ მიერ პრაქტიკულად არაერთგზის გამოყენებული სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ მეფუტკრეებისთვის, არამედ ამ დარგის მოყვარული და მოსარგებლე პირებისთვის და ასევე  მკითხველთა ფართო წრისათვის. განხილულია ისეთი საკითხები როგორიც არის: მეფუტკრეობა, ფუტკრის პროდუქტები, მათი საკვებად და სამკურნალოდ გამოყენება (იხ. რეცეპტები), ფუტკრის მოვლასთან (მოშენებასთან) დაკავშირებული საკითხები, ფუტკრის დაავადებები, მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები და სხვა.
პატივისცემით, გია ანთაძე.

მეფუტკრის ცნობარი

ავტორისაგან

თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს,
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე ღმერთს კი სანთელი.

შ. ნიშნიანიძე

მოგესალმებით კეთილი სურვილებით. საქართველოში ფუტკრის ოჯახები რაოდენობრივად უფრო ნაკლებია ვიდრე იყო 30 წლის წინათ, ხოლო ბუნებრივ რესურსებს საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ფუტკარი 10 პროცენტამდე ითვისებს. ე.ი. საჭიროა მეფუტკრეობის განვითარება, გამრავლება, მეფუტკრეებს კი მეტი ყურადღება, რათა მეტი ძვირფასი პროდუქტები გამოვსტაცოთ ბუნებას. სკოლებში ერთი სემესტრი უნდა ისწავლებოდეს მეფუტკრეობა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ საიტში მოყვანილ მასალას გაეცნობით, ბევრ თქვენგანს დაეუფლება განცდა, სურვილი იმისა რომ შეიძინოს ფუტკარი და გახდეს მონაწილე კეთილშობილური საქმისა, რომელსაც მეფუტკრე ასრულებს. რამდენ ადამიანს მიტოვებული აქვს სოფელი მამაპაპური, ძველი ოდა, სახლი, თაფლოვანი მცენარეებით გარშემორტყმული ტყე და ცხოვრობს ქალაქში, ბევრი - ნაქირავებ ბინაში, შეიძლება სამსახურიც არ ჰქონდეს ნორმალური. იქნებ მოუვიდეს აზრი იმისა, რომ იფიქროს ამ საკითხებზე, მარტო თუ ვერ ბედავს, შეიძლება შეიქმნას ამხანაგობა 2-3 კაცისაგან შემდგარი. დღეს, როცა სოფლის მეურნეობა წინა პლანზე წამოიწია, არის შანსი დახმარება-დაფინანსებისა, ამაზე ვიფიქროთ. მეფუტკრეს ქვეყნის წინაშე მართლაც აქვს დამსახურება, რადგანაც ის ზრუნავს ფუტკარზე, რომლის მნიშვნელობაც უდიდესია მცენარეთა სამყაროს განვითარებისთვის, რომელი მცენარეც წარმოადგენს ადამიანისა და ცხოველის საკვებს. ეკონომიურ მხარეს თუ გადავხედავთ ფუტკრის პროდუქტები ოდითგანვე იყო მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. და რაც მთავარია - ფუტკრის პროდუქტები ადამიანის მკურნალია და სიცოცხლის გახანგძლივების ყველაზე კარგი საშუალება. მიმაჩნია, რომ მიცვალებულების სახელზე ანთებული სანთელი უნდა იყოს ნატურალური, ბუნებრივი - შეუცვლელი ცვილი, რომელიც განსაკუთრებულ არომატს - სურნელს წარმოშობს და აჯერებს გარემოს. ამ სურნელში არის ყოველივე ცოცხალი, დედამიწიდან აღებული ფუტკრის მიერ და მის ორგანიზმში წარმოშობილი ცვილი, მხოლოდ ამ ცვილის სინათლე და სურნელის მისვლა არის მადლი გარდაცვლილის სულთან.  ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი.

გივი ანთაძე