beeyard banner
English

მოგონებები ფუტკარზე

როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ, უდიდესი სიამოვნების გრძნობა მეუფლება. მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი. ზამთარი იყო, თბილ ოთახში, ფანჯარასთან ვიწექი. ციდან დიდი თოვლის ფანტელები მოდიოდა. ახლოს სუროიანი ხე იდგა, რომელსაც უამრავი ჩიტი ესეოდა. ვუყურებდი და ვტკბებოდი მათი ცქერით.

ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, დედა ხაჭაპურებს აცხობდა, მამა ხერხს ლესავდა. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა. სახლში მეზობელი, თამაზი ბასილია, შემოვიდა. ვხვდებოდი, რაღაც ხდებოდა. მამას უთხრა: „წავიდეთ, თორემ დაგვაღამდება.“

წავიდნენ. ნაჯახი და ხერხი თან წაიღეს. დედას რომ ვკითხე, მითხრა: „ხე უნდა მოჭრან, ფუტკარი და თაფლი უნდა მოიტანონ.“ ჩემთვის ეს ზღაპარივით იყო – არ ვიცოდი, რა იყო ფუტკარი.

საღამოს ბევრი თაფლი მოიტანეს, მაგრამ ფუტკრები თაგვს შეეჭამა. მაშინ პირველად დავაგემოვნე ფიჭიანი თაფლი. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა გაზაფხული, რომ მენახა ამ უგემრიელესი სარაჯის შემქმნელი მწერი.

და აი, გაზაფხულდა. ტყემლის ყვავილებს უამრავი ფუტკარი ესეოდა. ერთ მშვენიერ დღეს ავიღე მინის ქილები და ყვავილებზე მათი დაჭერა დავიწყე.

საღამოს, როცა მამა სამსახურიდან დაბრუნდა, უამრავი დატყვევებული ფუტკარი დავახვედრე. მთხოვა, დილით გამეშვა. მეც გავუშვი იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ამაოდ – ფუტკრებმა თავიანთ სკებს მიაშურეს.

 

ჩვენს საყანე ფართობში დიდი თუთის ხე იდგა. ერთხელ შევნიშნე, რომ მას დიდი რაოდენობით ფუტკარი ეხვეოდა. ეს ბუნებრივი ნაყარი იყო. გაისმოდა განსაკუთრებული ხმაური, რომელიც მალევე ჩაწყნარდა.

ახლოს მივედი და რას ვხედავ – ფუტკრები ხის ფუღუროში შესულიყვნენ და მაშინვე მუშაობა დაიწყეს. გამოჰქონდათ ხის პატარა ნაფლეთები, შიგნით შეჰქონდათ ყვავილის მტვერი და ნექტარი. საოცარი სანახაობა იყო – თვალს ვერ წყვეტდი. რაღაცნაირ სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომაც, როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი, თითქმის ყოველდღე, ალბათ ერთსა და იმავე დროს, ხის ძირას მივდიოდი და იქ საათობით ვისვენებდი.

ეს ასე დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა და არ ვიცი კიდევ როდემდე გაგრძელდებოდა, რომ ჩემი ყურით არ გამეგონა ზემოდან მეზობლის, ოსიკო ჩიგოგიძის ხმა: – გამოდი, ქალო, შეხედე, ის ბალღი ისევ იმ ადგილას ძეგლივით დგასო.

შემრცხვა, მუხლებზე დავიჩოქე და ფორთხვით გამოვიპარე ყანიდან.

შემდეგ წელს ის ხე მოვჭერით და ფუტკარი სკაში გადავიყვანეთ. ასე გაჩნდა პირველი ფუტკრის ოჯახი ჩვენს სახლში.

მედიცინის მიერ აღიარებულია ფუტკრის და ფუტკრის პროდუქტების სამკურნალო თვისებები. საფუტკრეში მუშაობა მეფუტკრისთვის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილია. ამ დროს ყოველგვარი სტრესი გეხსნება, ნერვული სისტემა გიწყნარდება, მით უმეტეს, როცა საქმე კარგად მიდის. ამავე დროს, ფუტკრის მიერ თაფლის გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი ორთქლით გაჯერებული ჰაერი განსაკუთრებულ ჯანმრთელობას სძენს ადამიანს.

მამა დაავადებული იყო რევმატიზმით. მახსოვს, როგორ აწუხებდა ტკივილები. ნამყოფია ყველგან, ბალნეოლოგიურ სანატორიუმებში, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. როცა ფუტკრები შევიძინეთ, ცხადია, ნესტრავდნენ მუშაობის დროს. იმ წლიდან მოხდა მისი სრული განკურნება რევმატიზმისგან. დავინტერესდი და შემდგომში ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი მოვიძიე.

თაფლის დაწურვა, ფუტკრის გამოხილვა ერთ ერთი მნიშვნელოვანი საქმეა საფუტკრეში. ერთ წელს მეზობლებმა შემომთავაზეს, რომ ფიზიკურად დამხმარებოდნენ. პაპანაქება სიცხეა, სამუშაოდ მშვენიერი წყნარი ამინდია, ფუტკარი ღალაზე კარგად გადის. წელს ზემოთ შიშველი ვმუშაობ. სკებიდან თაფლიან ჩარჩოებს ვიღებ.

ამ დროს მოვიდა დამხმარე. ერთს ეცვა შალის პალტო, რეზინის ჩექმები, თავზე ყურებიანი ქუდი, ხელებზე ხელთათმანები, თვალებზე მზის სათვალე, კისერზე კაშნე შემოეხვია. მეორეს ჩვეულებრივ ეცვა და თან ხმამაღლა ლაპარაკობდა: "მე ფუტკრის კბენის არ მეშინიაო".

ამ დროს მას ყურის არეში შემთხვევით დააჯდა ნექტრით დატვირთული უწყინარი ფუტკარი. დაიწყო ხელების უაზრო ქნევა, შემდეგ გაიქცა. იქვე მქონდა სიმინდის ყანა – დაგორდა მიწაზე თავიდან ბოლომდე, ერთი ნაპირი სიმინდის ნათესი ჩაიტანა ბოლოში.

ბევრი ვიცინე, მაგრამ რა მაცინებდა?! სიმინდი ფეხზე აღარ იდგა.

ზაფხულია, კარგი ამინდია, თითქმის ოცდაათამდე ფუტკრის ოჯახი გავხსენი, არ ინესტრებიან, საბოლებელსაც არ ვხმარობ.

ცოტა ხნის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, ფუტკრები აღარ მანებებენ მუშაობას. ხელ-პირი დავიბანე, საბოლებელი ავანთე, პერანგი გამოვიცვალე, სხვადასხვა სკა გავხსენი, მაინც იგივე მდგომარეობაა. იძულებული გავხდი, მუშაობას თავი დამენებებინა.

ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ცაზე ღრუბლები გამოჩნდა, წამოვიდა კოკისპირული წვიმა. აი, რა ყოფილა ფუტკრის აღელვების მიზეზი.

ერთ ჩემს მეგობარს ვეხმარებოდით თაფლის დაწურვაში. მაისია, აკაცია ისევ ყვავის, ფუტკარი კი ისე მუშაობს, შენთვის აღარ ცალია. ორმოცამდე სკა გავხსენი, კარგად დაღლილი ვიყავი, თუმცა არც ერთს არ დავუნესტრივარ. შემომთავაზეს, შევეცვალე. დავთანხმდი, მაშინვე ასტამი მივეცი და იქვე ახლოს ჩამოვჯექი.

მეფუტკრე იყო, მისი მუშაობის სტილი, ხელების მოძრაობა და ა.შ. არ მომეწონა. ფუტკრის ოჯახიდან გამწარებული ფუტკრები ამოცვივდნენ და დაიწყეს დანესტვრა. დავიყვირე, სწრაფად გაქცეულიყვნენ მდინარეზე. იქვე ახლოს გაიქცნენ. დასაკბენად ფუტკრის გუნდი დაედევნა. წყალმა უშველა, თუმცა მაგრად იყვნენ დანესტრილი.

გაუნძრევლად ვიჯექი, ფუტკრები გარს მეხვეოდნენ, გაქცევას ვიცოდი რა მოჰყვებოდა, თავი ფეხებს შორის ჩავდე, გადავრჩი. ცოტა ხანში ფუტკარი დაწყნარდა..

 

მეფუტკრეობა რთული, მაგრამ საინტერესო დარგია. გამოცდილება ბევრს ნიშნავს, თუმცა, რა ასაკისაც არ უნდა იყო, ყოველდღე შეიძლება რაღაც ისწავლო ან შეცდომა დაუშვა. ასე დამემართა ამას წინათ.

საფუტკრეში ვმუშაობ, ფუტკრის ოჯახებს ვსინჯავ. სკის სახურავი ახდილი მაქვს, ფუტკრებით დაფარული ჩარჩო ამოღებული. უცებ მეზობელმა დამიძახა რაღაც აუცილებელ საქმეზე. ჯერ არ გამოვეხმაურე, მაგრამ რომ არ მომეშვა, ჩემდა უნებურად ხმამაღლა შევეპასუხე. ხმაზე ფუტკრები გაბრაზდნენ, სკიდან ამოცვივდნენ და კარგად „მასიამოვნეს“ – დანესტვრა დამიწყეს."

დიდი სამეგობრო, სამეზობლო და სანათესაო მყავს. მათთვის ასზე მეტი ფუტკრის ოჯახი მაქვს გაჩუქებული.
ბევრი მეფუტკრე გახდა — ახლაც ჰყავთ ფუტკარი.
ერთხელ მეგობარმა მთხოვა, მისთვის ფუტკარი მეჩუქებინა. რა თქმა უნდა, გამიხარდა და დავთანხმდი.

ცოტა ხნის შემდეგ საბოლებელი ვაჩუქე, მერე – პირბადე. სანთელიც მივეცი ჩარჩოებიანად.
შემდეგ შეხვედრაზე გავაფრთხილე, რომ წამალი ეყიდა და დროულად ემუშავა ვაროატოზზე. რეკომენდაციებიც მივეცი.

რამდენჯერმე ვნახე, სულ მეუბნებოდა: „წამალი ვიყიდე და თაროზე მაქვს შემოდებულიო.“
რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიკითხე. მითხრა:
— ფუტკარი დამევსო...
— წამალი? — ვკითხე.
— თაროზე მაქვს, — მიპასუხა.
მე ვუთხარი:
— ვარგისიანობის ვადა სანამ არ გაუვა, მანამდე იქვე იდოს, მერე გადააგდე!

აგვისტოს თვეა, შუაღამის ხუთი საათი იქნება, მაგრამ მაინც ცხელა. ძალიან ბნელა, მთვარის შუქიც არ ჩანს. საფუტკრეში ვმუშაობ, ფუტკრის შხამს ვიღებ. უცებ გაისმის ტკაცუნის განსაკუთრებული ხმა, რომელიც გარკვეული დროის შუალედით მეორდება. არ მეგონა, თუ რაიმე შემაშინებდა. მეგონა, გველი იყო, მაგრამ მაინც მივუახლოვდი იმ ადგილს და ფანარი მივანათე. სკის ძირში დიდი გომბეშო ჩასაფრებულა – სკის საფრენიდან ფუტკრებს იტაცებდა, და ამ მომენტში მისი ენა საოცარ ხმას გამოსცემდა.

მონადირეები ტრაბახით რომ არიან განთქმულები, ცნობილია. მეფუტკრისგან ამას არ მოველოდი. ერთ ზაფხულს სტუმრად მოვიდნენ ჩემი მეგობრები (ი. რაზმაძე, ვ. პელიამინოვი და სხვა) - მეცნიერები (მეფუტკრეები) თბილისიდან. სხვადასხვა ცდებს ვატარებდით ჩემს საფუტკრეში. საღამოს ტრადიციული გურული ვახშამი გაიმართა.

რა თქმა უნდა, ამ დროს სუფრასთან ზოგი მართალს ამბობს, ზოგიც - ტყუილს. ერთმა სტუმარმა თქვა, რომ ფუტკართან მუშაობის არ ეშინოდა, მეტიც - ფუტკრის სხეულზე დასმაც კი განუზრახავს სახალხოდ.

ამ დროს, საიდანღაც მაგიდის ქვემოდან, ფუტკარმა დაიბზუილა, შემდეგ ზემოთ ამოფრინდა, მაგიდას წრიულად შემოუარა, ანთებული ნათურისკენ გაეშურა, იქიდან მოსწყდა და პირდაპირ ამ პიროვნების თმაში მოიკალათა. ატყდა ფეხების ბაკუნი, შემდეგ ხელების ქნევა, რასაც კვნესა მოჰყვა და ბოლოს კი „გინესის“ რეკორდის მაძიებლის გარეთ გაქცევა.

რაც ვიცინეთ იმ საღამოს, ღმერთმა შეგვარგოს."

დასავლეთ საქართველოში შემოდგომით საფუტკრეს კვირიონები ესტუმრებიან. ისინი ძალიან ლამაზი ფრინველები არიან, მაგრამ ფუტკრების დაუნდობელი მტრები. ზოგჯერ დიდ ზიანს აყენებენ საფუტკრეს.

ერთ საღამოს სახლში მივედი და რას ვხედავ – ჩემს საფუტკრეს რამდენიმე ასეული ფრინველი ესეოდა. ვერაფრით დავაფრთხე. ბოლოს ჰაერში თოფი ვისროლე. ერთს შემთხვევით მოხვდა, ჩამოვარდა და სასოწარკვეთილი წრიპინი მორთო. ძალიან ვინანე – არ ვიცოდი, რა მექნა, ისე შემეცოდა. დამაინტერესა და მკვდარი ფრინველი გავკვეთე. მის კუჭში 46 გადაყლაპული ფუტკარი აღმოვაჩინე.

1981 წელი იყო. დიდი თოვლი მოვიდა. სანადიროდ წასულებმა მთებზე ძლივს ავედით. უკან რომ ვბრუნდებოდით, მეგობარმა დამიძახა – მომეშველეო. მივედი და რას ვხედავ – დიდი ხნის წინათ წაქცეულ წიფლის ხეზე ფეხი დაებიჯებინა, დამპალი ხის ტანი ჩასკდომოდა, შიგნით დიდი რაოდენობით თაფლი იყო.

თაფლიდან ფეხს ვეღარ იღებდა. მივეშველეთ. იქვე დავაგემოვნეთ, მაგრამ წამოღების არც თავი გვქონდა და არც ჭურჭელი. ერთმა თანამშრომელმა ხეები მონიშნა, იქნებ მომავალში ამოვიდეთო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ავედით და რას ვხედავთ – გაზაფხულზე მზეს თაფლი გაედნო და, როგორც ოქროს ზოდი, 10 მეტრამდე მდინარესავით გადმოსულიყო. ვინანე, რომ ფოტოაპარატი არ მქონდა.

საინტერესოა, რამდენი წელი ცხოვრობდა ფუტკარი ამ ხის ფუღუროში, ამდენი მარაგი რომ დაეგროვებინა.

მრავალი ადამიანი, რომელსაც მეფუტკრეობა სურს, ხშირად პირველივე ფუტკრის დანესტვრის შემდეგ თავს ანებებს ამ საქმიანობას და ფუტკარს სხვას გადასცემს მოსავლელად. მინდა შევახსენო მათ, რომ სხვის ხელში მეფუტკრეობას ვერ ისწავლით. გამოავლინეთ ნებისყოფა, ნუ შეშინდებით, მუშაობის დროს ხელები ნაზად ამოძრავეთ და დანესტრილი ადგილი სწრაფად მოიბანეთ წყლით, რადგან შხამის სუნზე სხვა ფუტკარიც ღიზიანდება. შეარჩიეთ მუშაობის დრო, ნუ გამოიყენებთ მუშაობისას დამცავ საშუალებებს, ხელთათმანს და სხვა. ფუტკარი აკვირდება ჩაცმულობას, სისუფთავეს, ფერს. ფუტკარი ღიზიანდება მთვრალ ადამიანზე.

ფუტკარი უწყინარი მწერია. სკის გარეთ ის ძალიან მშიშარაა, ხოლო სკაში, თუ ყველა წესს დაიცავთ, არაფერს გერჩით. როცა დახელოვნდებით, გაიგებთ ფუტკრის ენას. ის „გესაუბრებათ“, როცა თავისი ქცევით გეტყვით: „დამანებე თავიო“. თქვენც ისე მოიქეცით, დაახურეთ სკას თავზე და განერიდეთ მას.

თუ მაინც აუცილებელი საქმეა სკაში, „დააძინეთ“ და სანამ გაიღვიძებენ, მანამდე დაამთავრეთ სამუშაო. ასე რომ, ნუ გეშინიათ ფუტკრის. დახელოვნდებით, თქვენს ქცევას ფუტკარი აღიქვამს არა როგორც მტრულს, არამედ როგორც მისდამი მზრუნველ მეგობრობას

მასთან მუშაობა დიდხანს შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას, მოგიხსნით ყოველგვარ სტრესულ მდგომარეობას, მოაწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, გაბრაზებული და რაღაცაზე დაღონებული საფუტკრეში შევსულვარ, ზოგჯერ ღამითაც კი. აქ წამალი აღარ გჭირდებათ. ფუტკრის გუგუნი (განსაკუთრებით ღამით), რომელიც ნექტარს ამუშავებს თაფლად და გარეთ გამოაქვს ორთქლი, უებარი წამალია ამ დროს.

ფუტკრის პროდუქტები სიცოცხლის ელექსირია.

ამბავი ჩემი სტუდენტობის პერიოდში მოხდა. სასწავლებლად რომ წავედი, ორი ოჯახი ფუტკარი დავტოვე სახლში. ერთხელ სოფლიდან წერილი მომივიდა (იმ პერიოდში ტელეფონი ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო). მამა მწერდა: "ფუტკარმა ბუნებრივი ნაყარი გაუშვა, მანდარინის ხეზე მიაყარა, ჩამოვიყვანეთ და ახალ სკაში ჩავსვით". ეს ამბავი, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო – კიდევ ერთი ფუტკრის ოჯახი შეგვემატა.

რამდენიმე ხნის შემდეგ სოფელში ჩავედი. ახალი ფუტკრის ოჯახი გადავამოწმე – დედა ფუტკარს უკვე კვერცხის დება დაეწყო, ფიჭასაც კარგად აშენებდნენ. ამ დროს გამოვავლინე სრული უცოდინარობა, თუმცა მეფუტკრეობაზე წიგნების კითხვა მიყვარდა. როგორც აღმოჩნდა, პრაქტიკას მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია. მართალია, ნათქვამია: „არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა“, მაგრამ მეც იმ ცოდნის იმედად ვიყავი.

ახალი ფუტკრის ოჯახისათვის „პატივი“ რომ მეცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ პერიოდში საჭირო არ იყო, ავიღე შაქარი, გადავადნე და დღისით მზისით ფუტკარს საფრენთან ჯამით დაუდგი. შემდეგ კი ქალაქში წამოვედი.

რამდენიმე დღის შემდეგ სოფლიდან მოდის წერილი. გამიკვირდა – ახალი წამოსული ვიყავი. ცოტა შემეშინდა კიდეც. კონვერტი გავხსენი. როგორც ყოველთვის, წერილიდან წითელმა ათმანეთიანმა მაშინვე გამოყო თავი, ჯიბეში შევინახე და კითხვა დავიწყე.

დედა მწერდა. მისი სიტყვები ახლაც ზეპირად მახსოვს:

„გივიკო, როგორ იმგზავრე? მე კარგად ვარ, მამაშენიც კარგად არის. ჩვენი დარდი ნუ გექნება, არ იდარდო, არ მოიწყინო. ამ წერილს რომ წაიკითხავ, დილას საჭმელი კარგად ჭამე და ისე წადი ინსტიტუტში. მეზობლებიც ყველანი კარგად არიან.“

ტანში დამბურძგლა, შიშმა ამიტანა. კითხვა განვაგრძე:

"შენ რომ ფუტკრის ახალ სკას შაქრიანი სიროფი დაუდგი, იქ სხვა სკის ქურდი ფუტკრები დასცემიან, თაფლი წაუღიათ, ფუტკრები კი დაუხოციათ. შემდეგ, მეორე მხარეს სუსტი ოჯახიც დაუყაჩაღებიათ – თაფლი წაუღიათ და ფუტკრები დაუხოციათ. ასე რომ, ახლა მხოლოდ ერთი ოჯახი დაგრჩა. მამაშენმა ბიჭს არ გააგებინო, იდარდებსო, მაგრამ არა უშავს. როგორც მეფუტკრემ მითხრა, დღისით საფრენის წინ საკვების მიცემა არ შეიძლებოდაო..."

ასე დამთავრდა წერილი.

მაშინ ვთქვი: "პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო". გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა ეს რთული, მაგრამ მეტად საინტერესო დარგი. ეს შემთხვევა ჩემთვის ძალიან მწარე, მაგრამ მომავლისთვის ძალიან სასარგებლო გაკვეთილი იყო.

 

ჩემს სოფელს რომ აღმოსავლეთით ტყის ზოლი აქვს, მას „შავ ტყეს“ უწოდებენ. ალბათ იმიტომ, რომ ამ ასწლოვანი ხეებით დაბურულ ტყეში გარკვეული სიბნელეა. აქ მრავალი თაფლოვანი მცენარეა. ტყეში სიარული სიამოვნებას განიჭებს, რადგან პაპანაქება სიცხეშიც სიგრილეა, ხოლო თაფლოვანი მცენარეების სურნელი და სხვადასხვა ფრინველების გალობა – უებარი წამალია კარგი განწყობისთვის.

ზაფხულის ერთ დღეს ბუნების ამ მშვენიერებით ვტკბებოდი. ხის კუნძზე ჩამოვჯექი დასასვენებლად. იქვე მთის ცივი წყარო მოჩუხჩუხებდა. დასალევად შქერის ფოთოლი მოვწყვიტე, სასმისის მაგივრად რომ გამომეყენებინა, და რას ვხედავ: იქვე ხმელი წიფლის ფუღუროში ფუტკრის ოჯახი დასახლებულიყო და გამალებული მუშაობდნენ. ჩამოვჯექი და დიდხანს ვტკბებოდი მათი ცქერით.

წარმოვიდგინე, როგორ გადაიყვანა ადამიანმა ფუტკარი ხელოვნურ სკაში. აქ დამებადა აზრი: ხომ შეიძლებოდა გადაღებულიყო საინტერესო ვიდეოფილმი ფუტკარზე? სახლში დავბრუნდი, იმ ღამეს არ მძინებია – ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ამის განხორციელება. მალე დავწერე სცენარი, თბილისში ჩავედი და ნაცნობ კინორეჟისორებს – ლერი სიხარულიძეს, რეზო ვარდანაშვილს და გურამ მესხიშვილს გავანდე ჩემი ოცნება.

ამ სცენარის მსგავსი ფილმი ვერსად ვერ მოვიძიეთ. სახლში დავბრუნდი კმაყოფილი, რადგან სპეციალისტების მოწონება დავიმსახურე. წინასწარ მოვაგვარე ყველა საჭირო მასალა და საკითხი, ყოველდღე ველოდებოდი სტუმრების ჩამოსვლას და მუშაობის დაწყებას. ფილმის სათაური შევარჩიეთ: "მეფუტკრე და ფუტკარი".

შერჩეული იყო ცნობილი გურული სიმღერები და მუსიკა. ფილმი უნდა დაწყებულიყო ტყეში ველურ ფუტკარზე ნადირობით, შემდეგ ხის ფუღუროდან ფუტკრის გამოყვანით ხელოვნურ სკაში, შემდეგ კი იმ სხვადასხვა პროცედურებით, რომლებიც ფუტკართან მუშაობას ახლავს. ხოლო ფინალი ასეთი იყო: ახალ წელს, ქალაქში, საახალწლო მაგიდაზე გამოჩნდება ფუტკრის პროდუქტები—გოზინაყი, სარაჯი, სანთლის არაყი. მიდის ქეიფი, იუმორი, კარგი სიმღერები. უცებ ერთვება ქალაქს—სოფელი, საფუტკრე, ზამთრის პეიზაჟი, სადაც დიდი თოვლია. მეფუტკრე ნიჩბით თოვლში ჩაძირულ სკებს თოვლს აშორებს და თან მარტო აგრძელებს იმავე სიმღერას და ა.შ.

ერთსაათიანი ვიდეოფილმი ძალიან საინტერესო და საყურებლად სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ 90-იანი წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ეს ოცნება განუხორციელებელი დამიტოვა.