beeyard banner
English

ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა — თაფლი, დინდგელი, სანთელი და ფუტკრის რძე

ფუტკრის პროდუქტები ბუნებრივი საშუალებებია ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. აქ გაეცნობით მათ გამოყენებას სხვადასხვა სამკურნალო და კოსმეტიკურ რეცეპტებში.

თაფლის სამკურნალოდ გამოყენება

თაფლი არის უებარი საშუალება გაციებისას. ამ დროს იგი იხმარება როგორც ცალკე, ისე სხვა საკვებ პროდუქტთან და სამკურნალო მცენარეებთან ერთად.

ხალხურ მედიცინაში გაციების დროს ყველაზე გავრცელებულია თაფლიანი ჩაი და თაფლიანი რძე (1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჭიქა ჩაისთან ან რძესთან ერთად). კარგ შედეგს იძლევა თაფლი ლიმონით - 100 გ თაფლი საშუალო ზომის ნახევარი ლიმონის წვენთან ერთად.

მოვიყვანთ რამდენიმე გავრცელებულ რეცეპტს:
1.1 სუფრის კოვზი ვირისტერფას გამხმარი ფურცლები დაყენებულ იქნას 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე: ნაყენს გაგრილებისა და გაწურვის შემდეგ დაემატოს 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიღება 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ნახველის ამოსაღებად.
2. 100 გ ჟოლოს ნედლი ნაყოფი (ან 2 სუფრის კოვზი გამხმარი ნაყოფისა) დაყენებულ იქნას ერთ ჭიქა წყალზე; 10-15 წუთის შემდეგ დაემატოს 1 სუფრის კოვზი თაფლი. უნდა დაილიოს თბილ მდგომარეობაში, ოფლის მოსადენად.
3. 1 სუფრის კოვზ შავი მოცვის გამხმარ ყვავილებს დაესხას 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 20 წუთის შემდეგ გაიწუროს, დაემატოს 1 სუფრის კოვზი თაფლი; მიიღება 1.4 ჭიქა, ოფლის მოსადენად. უმჯობესია ძილის წინ.

გრიპის მკურნალობის ეფექტიანი ხალხური საშუალებაა ნიორ-თაფლის ფაფა: დაჭყლეტილ ან გახეხილ ნიორს უნდა შეერიოს თაფლი შეფარდებით 1:1 მიიღება 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ძილის წინ - თბილი წყალი.

ძველი ქართული ანდაზაა" თაფლის კუჭის საუკეთესო მეგობარია".

ლიტერატურული მონაცემები ადასტურებენ, რომ თაფლი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, ამას იმით ხსნიან, რომ თაფლი შეიცავს რიგ მინერალურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ საკვების ათვისებას.

დადგენილი , რომ თაფლის მიღება ხელს უწყობს კუჭის წვენის სიმჟავიანობის დაკლებას, ამიტომ იგი კარგი საშუალებაა ჰიპერაციდული გასტრიტებისას (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც თან ახლავს კუჭის წვენის მაღალი სიმჟავიანობა).

ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თაფლის მიღებისას კუჭის წვენი ინტენსიურად გამოიყოფა და ამის შედეგად მატულობს კუჭის წვენის საერთო სიმჟავიანობა, ნათელი გახდება, რომ თაფლი შეიძლება გამოვიყენოთ აქილიის დროს (კუჭის წვენის ნულოვანი სიმჟავიანობა. ამ შემთხვევაში თაფლი მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, ცივი განზავებული ხსნარის სახით (1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჭიქა წყალზე).
მაღალი სიმჟავიანობის დროს თაფლი მიიღება ჭამამდე 1.5-2 საათით ადრე (უმჯობესია რომ იგი თბილი წყლით გაზავდეს).

განსაკუთრებულია თაფლის როლი კუჭის წყლულის მკურნალობისას, ექსპერიმენტებმა ცხადყვეს, რომ თაფლის ჩართვა მკურნალობაში აჩქარებს კუჭის წყლულის შეხორცებას. თაფლი ხსნის ტკივილებს, გულის ძმარვას, გულისრევის შეგრძნებას. ავადმყოფს უწესრიგდება ძილი. იგი მატულობს წონაში, უმჯობესდება ჰემოგლობინის მაჩვენებელი, ნორმაში დგება ნერვული სისტემა.

კუჭის წყლულის მკურნალობისას თაფლი მიიღება საუზმემდე და სადილამდე 1.5-2 საათით ადრე და ვახშმობის შემდეგ 3 საათის მერე. სასურველია თაფლის წყალში გახსნა, რადგან ასეთი სახით მიღებისას იგი ხელს შეუწყობს კუჭის ლორწოს განზავებას, ხსნის ტკივილებს, გულის ძმარვისა და გულისრევის შეგრძნებას.
ნ. იორიშის მეთოდით კუჭის წყლულის მკურნალობისას დილით მიიღება 30-60 გ თაფლი, შუადღეს - 40-80, ხოლო საღამოს 30-60 გ.
სხვა მეთოდის მიხედვით დღიური დოზა 400-500 გ-ია, რომელიც მიღება 3 ნაწილად. ამ მეთოდით მკურნალობა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან დიდი რაოდენობის მიღებისას ჩნდება ზიზღი თაფლის მიმართ, შესაძლებელია პირისღებინება.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ შემთხვევებში თაფლი კომპლექსური მკურნალობის შემადგენელი ნაწილია, ეს კი ითვალისწინებს ექიმის შესაბამის კონტროლს მკურნალობაზე.

ფრიად გავრცელებულია თაფლის გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს. თაფლის მოქმედება ამ შემთხვევაში განისაზღვრება მისი ქიმიურ-ბიოლოგიური შემადგენლობით. დადგენილია, რომ გლუკოზა არამც თუ საუკეთესო საკვები მასალაა ქსოვილებისათვის, იგი ამავე დროს ხელს უწყობს გლიკოგენის დაგროვებას ღვიძლში და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ქსოვილებში. როგორც ცნობილია, ღვიძლი ბუნებრივი ბარიერია ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისათვის. გლუკოგენი აძლიერებს ღვიძლის ამ ფუნქციას, რის შედეგადაც მატულობს ორგანიზმის დაცვითუნარიანობა სხვადასხვა ინფექციის მიმართ (მაგალითად ბოტკინის დაავადებისას, სეფსისის დროს, სხვადასხვა სახით მოწამვლისას და ა.შ.)

 

ხალხურ მედიცინაში ინფიცირებული ჭრილობების მკურნალობისას თაფლთან ერთად სამკურნალო ბალახების ნახარშებს ხმარობენ.

 მაგალითისათვის მოვიყვანთ შემდეგ რეცეპტებს: 1. 50 გ ევკალიპტის ფოთოლი ადუღდეს 0.5 ლ. წყალში, გაწურვის შემდეგ ნახარშს დაემატოს 2 გ ნატურალური თაფლი. მიღებული ხსნარი გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ საფენების სახით. 

 2. ერთი სუფრის კოვზ გვირილების გამხმარ ყვავილებს დაესხვას ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. გაგრილების შემდეგ ნაყენი გაიწუროს და დაემატოს ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული ხსნარი გამოიყენება ჭრილობების გამოსარეცხად, სტომატიტის სამკურნალოდ და კოლიტების დროს ოყნის სახით.

როგორც ცნობილია, გლუკოზა აუცილებელი ენერგეტიკული მასალაა კუნთოვანიქსოვილისათვის, განსაკუთრებით გულის კუნთისათვის. ამიტომ თაფლი ნაჩვენებია გულის კუნთის სისუსტის დროს, როგორც საუკეთესო მკვებავი საშუალება. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის თაფლის მიღება ცხელ ჩაისთან ერთად, რადგან ეს იწვევს გულის ენერგიულ მუშაობას გაძლიერებული ოფლდენის ფონზე. ამიტომ, გულის დაავადებისას მცირე დოზების (1-2 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში) თაფლი რძესთან უნდა მივიღოთ, ხაჭოსთან, ხილის წვენებთან ერთად. 

 განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც უხვად შეიცავს ვიტამინით C (საჭიროა სისხლის შედედების კონტროლი). მოვიყვანთ შემდეგ რეცეპტს: 1 სუფრის კოვზ ასკილის გამხმარ ყვავილებს დაესხას 2 ჭიქა ადუღებული წყალი. გაგრილების შემდეგ ნაყენი გაიწუროს დოლბანდში, დაემატოს 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღება მიიღება 1.4–1.2 ჭიქა 2–3–ჯერ დღეში. 

 ხალხურ მედიცინაში ჰიპერტონული დაავადებების დროს გავრცელებულია თაფლის ბოსტნეულის წვენებთან ერთად მიღება. წარმოვადგენთ შემდეგ რეცეპტს: 1 ჭიქა ჭარხლის, 1 ჭიქა სტაფილოს წვენი, 1 ჭიქა პირშუშხას წვენი (პირშუშხა უნდა გაიხეხოს და დაყენებული იყოს წყალში 36 საათის განმავლობაში) და ერთი ლიმონის წვენი შევურიოთ 1 ჭიქა თაფლს. მიიღება 1 სუფრის კოვზით 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2-3 საათის შემდეგ ჭამის შემდგეგ. მკურნალობა გრძელდება 2 თვის განმავლობაში.

დინდგელით მკურნალობა

კარაქზე დამზადებული 10-15% პროპოლისის მალამოს შინაგანი მიღება ნაჩვენებია ფილტვების ანთებისა და ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს: 10-15 გ (ჩაის კოვზს) დინდგელს ღებულობენ 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე -1,5 საათით ადრე, თბილ რძესთან ერთად

ტუბერკულოზის დროს დინდგელის რაოდენობა საწყისი დოზიდან 5 გრამიდან დაყავთ მაქსიმუმამდე 30 გრამამდე. დინდგელის დადებითი ეფექტი ტუბერკულოზის მკურნალობისას აიხსნება მისი მატონიზირებელი მოქმედებით. დინდგელის ზემოქმედებით ძლიერდება ფაგოციტოზი, სისხლში მატულობს დაცვითი თვისებების მატარებელი ცილა პროპედრინი, უფრო ენერგიულად გამოიმუშავება ანტისხეულების, სხვადასხვა მიკროორგანიზმებისა და მათი ტოქსინების წინააღმდეგ

დინდგელის სპირტის ექსტრაქტი გამოიყენება გამოიყენება კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს ამ შემთხვევაში დინდგელის 4%-იან სპირტიან ექსტრაქტს სვამენ რძესთან ან 0.5% ნოვოკაინთან ერთად ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე, ან ჭამის შემდეგ , 5 საათის შემდეგ, 3 ჯერ დღეში.

ფუტკრის ცვილის (სანთლის)  გამოყენება

1. 50 გ გამდნარი ცვილი, 70 გ თაფლი და შროშანის 1 ბოლქვის წვენი აირიოს და გაგრილების შემდეგ წაისვას სახეზე. გამოიყენება მკვებავ საშუალებად
2. 30 გ ცვილი, 30 გ თაფლი, 30 გ ხახვის წვენი,30 გ შროშანის წვენი აირიოს. ნარევი გაცხელებული იქნას თიხის ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე ცვილის გადნობამდე. კარგად აირიოს და გაგრილდეს. ხმარობენ 2-ჯერ დღეში ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებად.
3. 3 გ ცვილი, 6 გ სპერმაცევტი, 24 გ ატმის ზეთი და 4 გ გლიცერინი შედის ნიღბის შემადგენლობაში.
4. 5 გ ცვილი, 5 ნიშადურის სპირტი, 7.5 გრ წყალი გამოიყენება ნიღბის დამზადებაში, რომელიც მიზანშეწონილია ცხიმიანი კანისთვის.

ფუტკრის რძე

2 გ ფტკრის რძეს ურევენ 100 გ თაფლს. მიიღება ენერგიულად მოქმედი მატონიზირებელი საკვები პროდუქტი. 

იყენებენ ძლიერი გადაღლის დრო, გარდატეხის ასაკში. საშუალო დოზა დაახლოებით 5 გ-ია 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.  10 გ მოზრდილთათვის, რეკომენდირებულია დილით საუზმემდე მიღება. 1 ფლაკონის მიღების შემდეგ (2 გ ფუტკრის რძე) საჭიროა ერთკვირიანი შესვენება

ყოველი ხმარების წინ ფლაკონი კარგად უნდა შევანჯღრიოთ. ინახავენ კარგად თავდახურულ ჭურჭელში , გრილ ადგილზე. ფლაკონები 200 გ-იანია.

100 გ თაფლს უმატებენ 2 გ ფუტკრის რძეს. აძლევენ ბავშვებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. მიიღება საუზმემდე 1 საათით ადრე (პატარები -5 გ - დიდები - 10 გ)

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: გიორგი რამიშვილი ,,მეფუტკრეობა და ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა" 1996 წ.

 

⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილება

ეს გვერდი შეიცავს ინფორმაციას ტრადიციული ხალხური მედიცინის რეცეპტებისა და მეთოდების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

არ არის სამედიცინო კონსულტაცია: მოცემული ინფორმაცია არ არის გამიზნული სამედიცინო დიაგნოზის დასასმელად, მკურნალობის დასანიშნად ან ექიმის რჩევის ჩასანაცვლებლად.

ექიმთან კონსულტაცია: ნებისმიერი სამკურნალო მეთოდის გამოყენებამდე, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების, ორსულობის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ ექიმთან.

ალერგია და უკუჩვენებები: ფუტკრის პროდუქტები მაღალ ალერგენულია. თუ გაქვთ ალერგია ან გაქვთ უკუჩვენება (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის მწვავე დაავადება, 1 წლამდე ასაკის ბავშვები), თავი შეიკავეთ მათი გამოყენებისგან ან მიიღეთ უკიდურესი სიფრთხილით.

თქვენ იღებთ სრულ პასუხისმგებლობას ამ გვერდზე მოცემული ინფორმაციის გამოყენებაზე.