beeyard banner
English

აკაციის თაფლი - მაისის თაფლი

როგორ იქმნება აკაციის თაფლი?

აკაცია ერთ-ერთი პირველი მცენარეა, რომელიც გაზაფხულის ბოლოს თეთრი ყვავილებით იფარება და მთელს გარემოში მსუბუქად ტკბილ სურნელს ავრცელებს. სწორედ ამ ყვავილებიდან აგროვებს ფუტკარი ნექტარს და ქმნის გამჭვირვალე, ღია ფერის თაფლს, რომელსაც ხშირად აკაციის თაფლის სახელით ვიცნობთ.

მეფუტკრეებისთვის აკაციის თაფლი ნიშნავს სეზონის პირველ ნაყოფს — სუფთა ნექტარს, რომელიც ტენიანობის, სისუფთავისა და ნაზი არომატის იდეალურ ბალანსს ატარებს. ფუტკრები მას ძირითადად თეთრი აკაციის (Robinia pseudoacacia) ყვავილებიდან აგროვებენ, რომელიც მაისის ბოლმდე ყვავის. სწორედ ამიტომ აქვს ამ თაფლს იმ თბილი გაზაფხულის დღეების სუნი.


აკაციის თაფლი მაისის თაფლი(გაზაფხულის თაფლი) საჩუქარი ფუტკრისგან

აკაციის თაფლს ხშირად მაისის თაფლს ვუწოდებთ, რადგან ის მიიღება აკაციის ყვავილობის პერიოდში (აპრილი-მაისი) და ფუტკრის პირველი ღალიანობის შემდეგ.

გურიაში აკაცია ერთ-ერთი ძირითადი თაფლოვანი მცენარეა, რომელიც ამ რეგიონში უხვ ნექტარს იძლევა. შესაბამისად, გაზაფხულის მაისის თაფლის შემადგენლობა უმეტესად სწორედ აკაციის ნექტრისგან შედგება. ამავე პერიოდში ფუტკარი მანდარინის (ციტრუსების), მდელოს ყვავილების, ხეხილისა და სხვა თაფლოვანი მცენარეების ნექტარსაც აგროვებს.

როგორია აკაციის თაფლი – ფერი და გემო

აკაციის თაფლი ძალიან ღია შეფერილობისაა — ზოგჯერ სრულიად გამჭვირვალე. მისი გემო რბილია, არ ახასიათებს მკვეთრი არომატი, ამიტომაც ბევრს სწორედ მისი სიმარტივე მოსწონს. ახალდგამოწურული თაფლი იშვიათად იძენს ფერს, ხოლო დროის გასვლასთან ერთად იღებს ოდნავ ოქროსფერ ელფერს. კრისტალიზაცია მიმდინარეობს ნელა — ზოგჯერ წელიწადზე მეტ ხანსაც კი რჩება თხევადი.

რა შემადგენლობა აქვს აკაციის თაფლს?

აკაციის თაფლი შეიცავს ფრუქტოზას (დაახლოებით 40%) და გლუკოზას (დაახლოებით 30–35%).
ფრუქტოზის მაღალი წილი განაპირობებს მის ხანგრძლივ თხევადობას და ადვილად მოსანელებელ სტრუქტურას.
სხვა კომპონენტებს შორისაა ბუნებრივი ფერმენტები (ინვერტაზა, დიასტაზა), ორგანული მჟავები, მცირე რაოდენობით მინერალები (კალიუმი, მაგნიუმი, რკინა) და ამინომჟავები.
ამ თვისებათა ერთობლიობა აკაციის თაფლს ანიჭებს მსუბუქ ანტიბაქტერიულ, დამამშვიდებელ და ანტიოქსიდანტურ ეფექტს.

რა სარგებელი აქვს აკაციის თაფლს?

აკაციის თაფლი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე რბილი თაფლი. იგი მსუბუქად ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ეხმარება უძილობისას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
სიცივის სეზონზე ეფექტურია ყელის ტკივილისას, რადგან ბუნებრივად ამშვიდებს ლორწოვან გარსს.
ბავშვებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მისაღები თაფლია — არც ზედმეტად მძაფრი გემო აქვს და არც სწრაფად შაქრდება.

გამოყენება და შენახვა

აკაციის თაფლი უნივერსალურია: შეგიძლიათ დაამატოთ ჩაიში, იოგურტში, ხილზე ან გამოიყენოთ დესერტებში. კულინარიაში უხდება რბილ ყველს, თეთრ ღვინოს და ტკბილ ნამცხვრებსაც კი.

რატომ ეძახიან მაისის თაფლს?

აკაციის თაფლს ხშირად მაისის თაფლს ეძახიან, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოდის მისი ძირითადი აღება. გაზაფხულზე სხვა ყვავილებიც არის, მაგრამ ნექტარი ყველაზე მეტად მაინც აკაციაზე მოდის და ფუტკარიც ძირითადად მასზე მუშაობს. ამიტომ საბოლოოდ მიღებული თაფლი პრაქტიკულად აკაციისაა. ეს პერიოდი დიდხანს არ გრძელდება და მაისის ბოლოსთვის უკვე მთავრდება, რაც ამ თაფლს კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

ინფორმაცია შემოკრებულია მეფუტკრეობის პრაქტიკული გამოცდილებიდან და ღია ქართული წყაროებიდან. ტექსტი განახლდება ახალი სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე.

 

 

აკაციის თაფლის შეძენა და ყველა ფასის ნახვა

მას შემდეგ, რაც გაეცანით აკაციის თაფლის უნიკალურ თვისებებს, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ყველა დაფასოება — 750 გრ, 1 კგ, 3 კგ და სხვა. შეუკვეთეთ ნატურალური თაფლი პირდაპირ ჩვენი მეურნეობიდან.

🛒 აკაციის თაფლის ფასები და შეკვეთა